დროას წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ელენე ხოშტარია იქამდე გააგრძელებს შიმშილობას, ვიდრე დადასტურებულად არ ეცოდინებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი თქმით, ხოშტარიას პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ამ ფორმით გადაყვანა სიტუაციის დამშვიდებას არ ემსახურება.
"ამ ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის ჰოსპიტალი არ შეესამება იმ სტანდარტს სადაც დაცული იქნება სააკაშვილის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ არ გვექნება დადასტურებულად და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს გოგუაძე.
ელენე ხოშტარია, რომელიც მე-6 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, დღეს ცუდად გახდა. მან გონება დაკარგა.
ექიმის განმარტებით, ხოშტარიამ გადასხმასა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. ექიმის განცხადებით სასურველია, რომ ის კლინიკაში გადავიდეს.
ხოშტარიასთან ექიმები იმყოფებიდნენ დღის მეორე ნახევარშიც. ექიმის თქმით, მას ერთჯერადად ღებინება ჰქონდა, თუმცა სხვა მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში აქვს.
"წნევა, პულსი, სატურაცია, გლიკემია, კარდიოგრაფიულად ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ერთადერთი ღებინება ჰქონდა ერთჯერადად, სხვა ჩივილებს არ წარმოადგენს", - თქვა ექიმმა.
მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. თავიდან პენიტენციური სამსახური ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებდა, თუ სად გადაიყვანეს ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა შემდეგ განცხადება გაავრცელეს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.